21მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

 

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა და ეს კონკრეტული თარიღიც სპეციალურად შეირჩა. საიუბილეო რიცხვი 21–ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს, მარტი კი, როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას! დაუნი ავადმყოფობა არ არის, ის მდგომარეობაა, სინდრომია! აღიარებული ფაქტია, რომ 47 ქრომოსომის მატარებლები ძალიან კეთილები არიან. მათთვის უბრალო გაღიმებაც კი, ბედნიერების მომტანია. ყველაზე მეტად ახარებთ ადამიანებთან ურთიერთობა. ერთ–ერთ იმ გულწრფელ და ლაღ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც უხარიათ, როცა თქვენ გიხარიათ! სულ მარტივად, ერთი გაღიმებითა და ტკბილი სიტყვით შეგიძლიათ მათი ნდობის მოპოვება. ეცადეთ, გააბედნიეროთ, გააღიმოთ და უდიდესი სიყვარული დაანახოთ. საბედნიეროდ, დღეს, სახელმწიფოსა და პროფესიონალი ექიმების თუ კეთილი ადამიანების დახმარებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვენთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან ინტეგრირებულნი არიან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ერთ დღესაც, კიდევ უფრო უკეთეს მსოფლიოში გავიღვიძებთ თუ 47 ქრომოსომიან გოგო–ბიჭებს უფრო მეტს გავუღიმებთ, მეტს ვიშრომებთ მათი სწრაფი ნაბიჯებით განვითარებისათვის და მეტად ვეცდებით შევუქმნათ გარემო, სადაც თავს განსხვავებულებად კი არა, განსაკუთრებულებად იგრძნობენ! დღეს უკვე არსებობენ ამ სინდრომის მატარებელი ცნობილი ხელოვანები, მსახიობები, მხატვრები თუ მოდელები, რომელთაც ოჯახის, მეგობრებისა და გარშემომყოფთა სიკეთის და სიყვარულის წყალობით მსოფლიო აალაპარაკეს. საბედნიეროდ, მათ რიცხვს ქართველი ტელეწამყვანი – გიგო შიუკაშვილიც ამშვენებს. სწორედ ისაა ნათელი მაგალითი, რომ სწორი აღზრდისა და დროული სოციალიზაციის პირობებში ზედმეტქრომოსომიანი ადამიანები ჩვეულებრივ მოქალაქეებად ყალიბდებიან. მოგიწოდებთ, გიყვარდეთ, დააფასეთ და იმეგობრეთ ასეთ ადამიანებთან!





Comments

Popular posts from this blog